Drive Democracy პროექტის პრეზენტაცია

12 დეკემბერს, პროექტის „ რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი “Drive Democracy” ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (ECMD) მიერ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) პარტნიორობით. მისი მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება და გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი პროექტების განხორციელების გზით, არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის გაზრდა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.  მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა EECMD – ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ. მან ასევე, ხაზი გაუსვა საგარეო მხარდაჭერის ფასდაუდებელ მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამისათვის ამერიკელ ხალხს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

როგორც USAID-ის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა განაცხადა, ეს არის ძალიან საჭირო პროექტი საჭირო დროს. მისი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებაა, განსაკუთრებული ფოკუსით რეგიონებზე. მათ, ვისაც დემოკრატიულ პროცესებზე შეზღუდული წვდომა აქვთ, DRIVE Democracy სთავაზობს პლატფორმას, გააჟღერონ თავიანთი საჭიროებები და მოქალაქეთა ამ გაზრდილი ჩართულობის საპირწონედ, პოლიტიკოსებმაც პრობლემის მოგვარების გზებითა და  გაზრდილი ანგარიშვალდებულებით უპასუხონ.

ღონისძების დამსწრეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ და აღნიშნული პროექტი პრეცედენტად დაასახელა, თუ როგორ შეიძლება ცოდნისა და ძალაუფლების ერთმანეთთან დაკავშირება. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ხიდი ამ ორს შორის და ხელი შეუწყონ კრიტიკული აზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ ქვეყანაში პროგრესის გარანტია.

DRIVE Democracy-ს მიზნებზე, მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე დეტალური პრეზენტაციით აუდიტორიის წინაშე პროექტის კოორდინატორი, ნინო ხითარიშვილი წარსდგა.

ღონისძიების შემდეგი ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომელშიც დემოკრატიის სკოლის ლიდერები არჩილ მჭედლიშვილი, გვანცა დოლუაშვილი  და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა მონაწილეობდნენ. მათ ისაუბრეს იმ ძირითად ფაქტორებზე, რაც ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ პროპაგანდას უწყობს ხელს. ასევე, იმსჯელეს დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღდგენის გზებზე და პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე მოქალაქეების მოთხოვნილებების მიმართ.

12 დეკემბერს, პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.