ჰააგის დიალოგი 2017

2017 წლის 19-20 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტთან (NIMD) და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს საქართველოს, უკრაინისა და ჰოლანდიის პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრას ჰააგაში.

ჰააგის დიალოგის პლატფორმის მიზანია ქართველ, უკრაინელ და ჰოლანდიელ პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათ შორის კავშირების გაღრმავება. შეხვედრების დღის წესრიგი მოიცავს დისკუსიებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის ევროკავშირთან საქართველოსა და უკრაინის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტის შედეგები, რეგიონალური  უსაფრთხოება და კონფლიქტის მოგვარება, ყალბი ახალი ამბებისა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის გავრცელება, ანტი-კორუფციული რეფორმები, პოლიტიკური დიალოგი და დემოკრატიზაციის პროცესები.

დიალოგში მონაწილეობენ: თამარ ხულორდავა (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება“), თინათინ ბოკუჩავა (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ანა ნაცვლიშვილი (ადამიანის უფლებების იურისტი), ბაია პატარია (დირექტორი, კავშირი საფარი), ნატალია კაცერ- ბუჩკოსვკა (ნიდერლანდების სამეფოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, „სახალხო ფრონტი“), მარტა სუპრუნი (საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „სამოპომოჩი“), ოლეგ ვოლოშინი (საერთაშორისო მდივანი, „ოპოზიციური ბლოკი“), ტარას კაჩკა ( დირექტორის მოადგილე, რენენსანსის საერთაშორისო ფონდი), ჰან თენ ბროეკე (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, VVD), აჩრაფ ბოუალი (საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის პრესსპიკერი, D66), მარტენ გროთუიზენი (სამართლიანობის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, გემბლინგის, საავტორო უფლებების, იმიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის პრესსპიკერი, D66), სვენ კუპმანსი (პრესსპიკერი კონსტიტუციის, საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური პარტიების, შვილად აყვანის, ხელშეკრულებების, სამოქალაქო სამართლის, საავტორო უფლებების, გემბლინგისა და კერძო სამართლის საკითხებში, D66) და მარიტ ელისაბედ მეიჯი (საგანგებო დესპანი მიგრაციის საკითხებში, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის ყოფილი წევრი, PvdA).

EECMD და NIMD იმედს გამოთქვამენ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და გახდება რეგულარი დიალოგის მუდმივი პლატფორმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონსა და ევროპულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.