სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

2017 წლის 12-16 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მდგრადი დემოკრატიების“ ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით გაიმართა სასწავლო ვიზიტი ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფო. დელეგაცია შედგებოდა როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისაგან, ასევე ეთნიკური ქართველებისაგან.

სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო მონაწილეებისათვის გაეცნო უმცირესობების უფლებების დასაცავად არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, ისევე როგორც ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები. ამავდროულად, ვიზიტი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას  საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის პოლიტიკური მექანიზმების შესახებ.

სასწავლო ვიზიტის მანძილზე, შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა  სხვადასხვა ინსტიტუტებთან, როგორიცაა ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო.

NIMD-ის ოფისის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს NIMD-ის საქმიანობის, მათ შორის სხვადასხვა რეგიონში NIMD-ის მიდგომებისა და პროგრამების შესახებ. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მრავალპარტიული დიალოგისა და სამშვიდობო პროცესის ფასილიტაციის კუთხით NIMD-ის გამოცდილებას. შეხვედრის მონაწილეებმა NIMD-ის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები და მათი პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში წარმომადგენლობა.

დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტთან შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების საკითხს. მონაწილეებმა, ისევე როგორც საერთაშორისო IDEA-ს წარმომადგენლებმა, განიხილეს საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის კუთხით არსებული ზოგადი ვითარება.

ქართულ დელეგაციას ასევე უმასპინძლა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისმა (OSCE-HCNM) და მათ ორგანიზაციის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. რამდენადაც ორგანიზაცია მუშაობს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და უმცირესობებს შორის კონფლიქტის პრევენციის მიმართულებით, მონაწილეებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საერთაშორისო მექანიზმებზე და ასევე გაეცნენ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობას.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ასევე გამართეს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩთან. დისკუსიის ზოგადი თემა იყო საქართველოსა და ჰოლანდიას შორის ურთიერთობების დინამიკა, ჰოლანდიის მხრიდან საქართველოსადმი გაწეული პოლიტიკური მხარდაჭერა და ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, მონაწილეები ესტუმრნენ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის ორივე პალატას: სენატსა და წარმომადგენლობით პალატას. პროდემოსის მიერ ორგანიზებული ტურის მეშვეობით, მონაწილეებმა მოისმინეს პარლამენტის ისტორია და გაეცნენ ინფორმაციას ჰოლანდიის  პოლიტიკური სისტემის შესახებ. ამავდროულად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ვიზიტის მეშვეობით, მონაწილეებმა დამატებით ცოდნა მიიღეს სასამართლოს საქმიანობის შესახებ კონკრეტულად კი, მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს რომის წესდების დარღვევებს შეისწავლის.