მალე უკრაინაში დემოკრატიის მეოთხე სკოლა გაიხსნება

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დემოკრატიის სკოლები უკრაინაში 2017 წლიდან ფუნქციონირებენ. პირველი ორი სკოლა ლვოვსა და ოდესაში გაიხსნა, ხოლო მესამე – პოლტავაში, 2018 წელს. დემოკრატიის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დემოკრატიული პოლიტიკა და მმართველობა, პოლიტიკური კულტურა, არჩევნები და საარჩევნო სისტემები, პოლიტიკური აქტივიზმი და ანტი-კორუფციული მექანიზმები. სკოლები ქმნიან უნიკალურ სივრცეს ახალი ინფორმაციის მიღების, უნარ-ჩვევების განვითარების, თანამოაზრეებთან შეხვედრისა და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, EECMD-ის წარმომადგენლები ქალაქს სოციალური და პოლიტიკური ფონის გასაცნობად და შესაფასებლად ესტუმრნენ. 2019 წლის 14-15 მაისს შეხვედრები გაიმართა როგორც პოლიტიკური პარტიების რეგიონული ორგანიზაციების წევრებთან, ისე სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ორდღიანი ინტენსიური შეხვედრების შედეგებზე დაყრდნობით, NIMD-მა და EECMD-მ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება უკრაინაში, დნეპროში, დემოკრატიის მეოთხე სკოლის გახსნის შესახებ.

დნეპრო (ოფიციალურად დნეპროპეტროვსკი) უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია 988 000 მოსახლეობით.  ქალაქი წარმოადგენს დნეპროპეტროვსკის რეგიონის ინდუსტრიულ, ფინანსურ და საგანმანათლებლო ცენტრს. ქალაქი, ისევე როგორც მთელი რეგიონი, მდებარეობს დონეცკის ოლქის მახლობლად.  აღსანიშნავია, რომ დნეპროში ანტიტერორისტული მოძრაობების ვეტერანები ცხოვრობენ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო ცხოვრებაში.

განაცხადების მიღება დნეპროს დემოკრატიის სკოლაში 2019 წლის ივნისში დაიწყება. შერჩეული აპლიკანტებისთვის ინტერვიუების ჩატარება კი შესაბამისად, აგვისტოსა და სექტემბერში იგეგმება. შერჩეული საუკეთესო 25 მსმენელი დემოკრატიის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამას ოქტომბერში დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD)-ის ფინანსური მხარდაჭერით.

NIMD-მა და EECMD-მ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება უკრაინაში, დნეპროში, დემოკრატიის მეოთხე სკოლის გახსნის შესახებ.