დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია თელავში

NIMD საქართველომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, მხარეები კახეთში სამოქალაქო განათლების სოლიდური პროგრამის შექმნისკენ ისწრაფვიან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, NIMD-ის კონსულტანტები და საპატიო სტუმრები თბილისიდან. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, ნიდერლანდების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰეინო ვან ჰოველნგენმა და NIMD-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ლევან ცუცქირიძემ. გამომსვლელებმა ისაუბრეს დემოკრატიული გარდაქმნის სირთულეებსა და დემოკრატიული აღმშენებლობის საქმეში ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე.

დემოკრატიის სკოლა NIMD-ის სამი ძირითადი პროგრამული მიმართულებიდან ერთ–ერთია. იგი მოიცავს NIMD-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წლების მანძილზე აპრობირებულ მეთოდებსა და ამავე დროს ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. სკოლის სტუდენტები ხუთთვიან ტრენინგს გაივლიან თეორიულ საკითხებსა და პრაქტიკულ უნარებში. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს აქტიურიმოქალაქეების განვითარებას. პროექტი 2011 წლის სექტემბერში დაიწყება.

სასწავლო პროგრამასთან ერთად, დემოკრატიის სკოლა ასევე წარმოადგენს სამოქალაქო კლუბს, რომელშიც თავს მოიყრიან აქტიური მოქალაქეები, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სკოლაში გამოყენებული იქნება, სწავლების როგორც ინტერაქციული ასევე დისტანციური და ონლაინ მეთოდები. სკოლის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში, სემინარებსა და პრეზენტაციებში, როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში. სკოლას ექნება მზარდი ფიზიკური და ელექტრონული ბიბლიოთეკა ქართულ და უცხოურ ენებზე. სკოლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ განახორციელონ საზოგადოებრივი პროექტების. მომავალში, სკოლა გარდაიქმნება ადგილობრივად მართულ, დამოუკიდებელ ინსტიტუტად.

დემოკრატიის სკოლის მსმენელი შეიძლება გახდეს ნებისმიერ მოქალაქე 18 წელს ზევით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: school.nimd.ge