დემოკრატიის სკოლებში ქალაქის მერებმა 100 დღის მუშაობის ანგარიში წარადგინეს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობამ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში მერი და საკრებულოს ახალი შემადგენლობა აირჩია. თებერვალში 100 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც ახალარჩეული მერები უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგნენ.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ინიციატივით, ქალაქ თელავში, გორსა და ბათუმში ახალარჩეულმა მერებმა 100 დღის მუშაობის ანგარიში წარადგინეს. შეხვედრების მიზანი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ისევე როგორც ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაა.

ქალაქ გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, მისი საქმიანობის 100 დღის ანგარიში 2018 წლის 26 თებერვალს წარადგინა. მოხსენების განმავლობაში ქალაქის მერი შეეხო როგორც შესრულებულ, ასევე დაგეგმილ სამუშაოებსა და პროექტებს. კერძოდ, კონსტანტინე თავზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თვითმმართველობის რეფორმის შემდგომ განხორციელებული რეორგანიზაცია და საკადრო პოლიტიკა,  2018 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, შესყიდვები და ტენდერები, გარემოს დაცვა და ტურიზმის განვითარება.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მერმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებსა და ინიციატივებზე საკუთარი ხედვა გააცნო.

ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე მერმა, ლაშა კომახიძემ აუდიტორიას სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მოხსენებისას მან აქცენტი გააკეთა ისეთ ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით თვითმმართველობის მუშაობის სტრატეგიულ დაგეგმარებას შეეხება და ასევე, მიზნად ისახავს მერიის ეფექტიანობის გაზრდას. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი სტრატეგია, რისი საჭიროებაც, როგორც მერმა აღნიშნა, კიდევ უფრო გამოკვეთა სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარმა ტრაგედიამ.

მერი ასევე შეეხო ავარიული სახლების აღწერისა და სახანძრო უსაფრთხოების მხრივ მათი შემოწმების საკითხს. შეხვედრის დროს დამატებით განიხილებოდა მშენებლობებთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, გამწვანებასთან და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები. დისკუსიისას აქტუალური იყო მოქალაქეებთან ურთიერთობისა და თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობის თემაც.

ქალაქ თელავში, შეხვედრა 2018 წლის 17 მარტს გაიმართა, სადაც მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ისაუბრა  თვითმმართველობის რეფორმის შედეგად ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდგომ ჩატარებული რეორგანიზაციისა და საკადრო გადაწყვეტილებების, ისევე როგორც ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრა შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. შოთა ნარეკლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მერიის ადმინისტრაციული შენობა სრულად ადაპტირებული გახდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.  მისივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტში იგეგმება 6 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი საბავშვო ბაღის აშენება. მერმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომლიც ენერგო ეფექტურობის გაზრდას ემსახურება რეგიონში.

დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაგრძელდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი,  პარკირების პრობლემა, უპატრონო ძაღლები. მწვავე კითხვები დაისვა ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებით.  მერმა  აღნიშნა, რომ ის მზადაა პერმანენტულად გაიმართოს ასეთი შეხვედრები მოქალაქეებთან და უპასუხოს მათ კითხვებს.

დემოკრატიის სკოლებში შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის კურსდამთავრებულები და მსმენელები, თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.