დემოკრატიის სკოლებში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

2018 წლის 26-30 მარტს, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. 2017-2018 წლის სასწავლო პროგრამის 73 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები, სკოლის კოორდინატორებთან ერთად, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ გადასცა.

დემოკრატიის სკოლებში სწავლა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და  პროგრამით განსაზღვრული მოდულების შესაბამისად, მსმენელებს ტრენინგები ჩაუტარდათ  ისეთ თემებზე, როგორიც არის  დემოკრატია და ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები და მათი ინტეგრაცია, ეკონომიკის ძირითადი პრინციპები,  ადგილობრივი თვითმმართველობა, კორუფცია და სხვა დაკავშირებული საკითხები. ამავდროულად, მონაწილეებმა შეიძინეს დებატების წარმოების, აკადემიური წერის, ადვოკატირებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევები.

გარდა, სასწავლო  მოდულით განსაზღვრული თემებისა, პროგრამის მანძილზე EECMD-ის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორების ძალისხმევით ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა.

კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას ლევან ცუცქირიძემ ხაზი გაუსვა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში თითოეული ადამიანის წვლილს და მსმენელებს ესაუბრა, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რა პასუხიმგებლობა აკისრია თითოეულ მათგანს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.  „მე მგონია, რომ ჩვენ ვქმნით ახალი პოლიტიკური ელიტის საფუძველს. ეს ადამიანები, მათი ნაწილი მაინც, ჩემი აზრით, იქნება ის ხალხი, რომელიც შეძლებს პოლიტიკური თამაშის დღის წესრიგის, პოლიტიკური კულტურის პოზიტიურად შეცვლას და ეს არის ჩვენთვის მთავარი.“- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

დემოკრატიის განათლების პროგრამის ოფიცერმა, ნინო ხითარიშვილმა მსმენელებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მათ ინიციატივებსა.

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა სკოლის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები და დამოკიდებულება გამოხატეს. მათი თქმით, პროგრამაში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ სამოქალაქო თვითშეგნებასა და  სოციალურ პასუხისმგებლობაზე. გაუღრმავდათ დემოკრატიის და პოლიტიკის მართვის საკითხებისადმი ინტერესი. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასთან ერთად, მზად არიან სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთონ და რაიონებში თავად გაუზიარონ გარშემომყოფებს ის გამოცდილება და ცოდნა, რაც დემოკრატიის სკოლაში მიიღეს.

 „დემოკრატიის სკოლის“ მნიშვნელობა ფასდაუდებელია ბევრი მიზეზის გამო. ეს არის ადგილი, სადაც ორგანიზებულად და თემატურად, ინტერაქციული ლექციების მეშვეობით იღებ ინფორმაციებს, რომელიც გეხმარება როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრად ჩამოყალიბებაში, ასევე, მოტივაციას გძენს განვითარდე და იფიქრო ისეთ საკითხებზე, რომელიც შენი კულტურული არეალისთვის აქამდე არ იყო დამახასიათებელი.“-  ამბობს მათე ჩაფიჩაძე, ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული.

ნინო დევაძე, რომელიც ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია თვლის რომ: „დემოკრატიის სკოლამ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. სკოლაში ვიპოვე თანამოაზრეები. ჩამომიყალიბდა ჩემეული დასკვნები და შეხედულებები ქვეყნის პოლიტიკასთან მიმართებაში. თითოეულმა ლექტორმა და ლექციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს პიროვნულ განვითარებაში.“

დემოკრატიის სკოლები ხუთთვიანი ინტენსიური, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. პროგრამის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საქართველოში და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტს (NIMD), რომლებიც ამ პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან.

EECMD პროგრამის გეოგრაფიის გაფართოებას და დემოკრატიის სკოლების სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს. 2018 წლის მაისში დემოკრატიის სკოლების მსმენელთა ახალი ნაკადის მიღების შესახებ ინფორმაცია  საჯაროდ გამოცხადდება ორგანიზაციის ვებ გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.