ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლებში სასწავლო პროგრამა მერვე ნაკადმა დაასრულა

2020 წლის 19-20 აგვისტოს EECMD-ის ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლებში მერვე თაობის ჯგუფებმა დაასრულეს სასწავლო პროგრამა. მსმენელებთან ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა, ტრადიციულად, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ ჩაატარა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა და დემოკრატიის სკოლების კოორდინატორებმა. ამ ეტაპისთვის ბათუმის დემოკრატიის სკოლა უკვე 167, ხოლო გორის დემოკრატიის სკოლა 214 კურსდამთავრებულს ითვლის.

მერვე ნაკადისთვის პირველი ტრენინგები 2020 წლის აპრილში დაიწყო. კორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრენინგები აქამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული, ონლაინ ფორმატით განხორციელდა და 10 წლის მანძილზე ეს იყო პირველი პრეცედენტი სკოლებში სწავლების დისტანციური მეთოდის დანერგვისა.

მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში საჭირო ცოდნასა და უნარებს იღრმავებდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა თანამედროვე პოლიტიკა, დემოკრატიზაცია და დემოკრატიული საზოგადოების ფორმირება, სამოქალაქო ჩართულობის ფორმები, ქალაქების ეკონომიკური განვითარება, ურბანიზაცია, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. ადაპტირებული მოდული მოიცავდა პრეზენტაციებსა და დებატებსაც, რომლებიც ZOOM-ის  მეშვეობით ტარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ გარდა სასწავლო მოდულით გათვალისწინებული აქტივობებისა, სკოლის მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს EECMD-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებსა და ვებინარებში ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშნელოვანი იყო კორონა ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ონლაინ-ანგარიშის შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

EECMD-ის დემოკრატიის სკოლების ქსელი ამ ათი წლის განმავლობაში 764 კურსდამთავრებულს ითვლის  საქართველოს 5 რეგიონში. ორგანიზაცია სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგაც ინარჩუნებს კავშირს კურსდამთავრებულებთან და სთავაზობს მხარდაჭერას ახალი შესაძლებლობებისა და პროექტების სახით.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიდერლანდენის სამეფოს საელჩოს საქართველოში, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ფინანსურ დახმარებას უწევს ჩვენს ორგანიზაციას. ამასთან, მომავალი წლის მანძილზე სწორედ საელჩოს მხარდაჭერით ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

2020 წლის 19-20 აგვისტოს EECMD-ის ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლებში მერვე თაობის ჯგუფებმა დაასრულეს სასწავლო პროგრამა.