ადამიანის უფლებათა ტიტა 2019

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით ადამიანების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება განსაკუთრებული პრემიით „ადამიანის უფლებათა ტიტა“, რომელიც გადაეცემა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, ამ სფეროში შეტანილი წვლილისათვის.

აღნიშნული, რიგით მეორე დაჯილდოება, გუშინ, 4 დეკემბერს გაიმართა, სადაც გამარჯვებულები საქართველოში ჰოლანდიის ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა დააჯილდოვა.

გამარჯვებულების გამოვლენა წინასწარ გამოცხადებული კონკურის საფუძველზე განხორციელდა. საელჩოს თხოვნით, პარტნიორმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), დაასახელეს კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ წინასწარ დადგენილ აუცილებელ კრიტერიუმებს.

„ადამიანის უფლებათა ტიტა 2019“-ის გამარჯვებული გურჯაანის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ჯილდა ხარიტონაშვილი გახდა. მეორე ადგილის მფლობელი კი ჟურნალისტი გოგა აფციაურია, რომელიც ამავე დროს გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია და EECMD-ის მიერ სწორედ ამ ეგიდით იყო წარდგენილი აღნიშნულ ჯილდოზე.

გოგა აფციაური რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტია შიდა ქართლში.  იგი არაერთი სამოქალაქო ინიციატივის ავტორია და თავისი საქმიანობით ცდილობს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას. ასევე, ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო  სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატებში, სადაც საკუთარი წვლილი შეაქვს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგების ხელშეწყობაში.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ გოგას დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მას.

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით ადამიანების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.