ტუნისელი პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში

2019 წლის 11-14 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) ხმელთაშუა და საერთაშორისო სწავლებების ცენტრთან (CEMI) თანამშრომლობით უმასპინძლა პოლიტიკურ დელეგაციას ტუნისიდან. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარებას, დემოკრატიული განვითარების მთავარი გამოწვევების შესახებ დიალოგსა და პრობლემების გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

დელეგაცია შედგებოდა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წევრებისგან: ასმა ბენ სალაჰი, დემოკრატიული ფორუმი შრომისა და თავისუფლებისათვის; იჰებ გარიანი,  დემოკრატიული პარტია; ჯალელ იაკობი, პროექტი ტუნისი; ბელგაცემ ჰასენი, ენაჰდა-მუსლიმთა დემოკრატიული პარტია; რიდჰა ლაგჰა, მოძრაობა ხალხისთვის; პარლამენტის წევრი ჰანსა ბენ ჰარატი, ნიდა ტუნისი; ჰაჯერ ჩერიფი, ალმოუბედრა. დელეგაციას თან ახლდნენ CEMI-ის გუნდის წევრებიც, აჰმედ დრისი და ჰაჯერ ლამტი.

ვიზიტის ფარგლებში ტუნისელ პოლიტიკოსებს საშუალება მიეცათ ქართველ კოლეგებთან ერთად მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკური კლიმატისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ემსჯელათ არჩევნებსა და საარჩევნო სისტემებზე, სასამრთლო რეფორმის დანერგვის მთავარ გამოწვევებზე, ქალების, ახალგაზრდებისა და ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდასა თუ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებაზე.  აღნიშნული შეხვედრები იმ მხრივაც გამორჩეული იყო ტუნისელი სტუმრებისთვის, რომ მათ უშუალოდ კონკრეტული სფეროს სპეციალისტებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების, აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის წინაპირობების, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ.  ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  შეხვედრების მონაწილეებმა გაიაზრეს, თუ რამდენად ახდენს კონტექსტი გავლენას კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებაზე. გარდა ამისა, ისწავლეს პრობლემური ვითარებიდან გამოსავლის პოვნა პარტიული ინტერესებისა და ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით.

გარდა შეხვედრებისა წამყვანი სამოქალაქო საზოგდაოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ტუნისელ პოლიტიკოსთა დელეგაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც (ცესკო) უმასპინძლეს. ცესკოს ხელმძღვანელმა, თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ, ამომწურავი პასუხი გასცა ტუნისელი კოლეგების კითხვებს და მათ, სპეციალურად ბრმა ამომრჩეველთათვის შექმნილი ბრაილის ჩარჩოც აჩვენა.

აღნიშნული ვიზიტი გაიმართა  პროექტ „მრავალპარტიული დიალოგის სივრცეები: დემოკრატიის მხარდამჭერთა კავშირების გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ფარავს ბენინს, საქართველოს, ყირგიზეთს, მოლდოვას, მაროკოსა და ტუნისს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო ქსელის შექმნას მრავალპარტიული და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემების გასაძლიერებლად.

2019 წლის 11-14 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) ხმელთაშუა და საერთაშორისო სწავლებების ცენტრთან (CEMI) თანამშრომლობით ტუნისიდან პოლიტიკურ დელეგაციას უმასპინძლა.